ბორჯომის საკრებულოს მერიიდან ხელფასების ოდენობის განმსაზღვრელი დოკუმენტი ჯერ არ მიუღია. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, იგი დოკუმენტის მიღების შემდეგ გადაწყვეტს, მერიას განუხილველად დაუბრუნებს მას, თუ სხდომაზე გაიტანს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიიდან ხელფასების ოდენობისა და საშტატო ნუსხის განმსაზღვრელი დოკუმენტი 12 მარტს უნდა მიეღო, თუმცა არ მიუღია.
ვიდრე საკრებულო დოკუმენტს არ მიიღებს, ჩაჩანიძეს უჭირს თქმა, გაიტანს ამ საკითხს სხდომაზე განსახილველად თუ მერიას განხილვის გარეშე დაუბრუნებს შესასწორებლად: „დოკუმენტს რომ ვნახავთ, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხელფასების მატების წინააღმდეგი ვართ. უბრალოდ იმ ოდენობას არ ვამტკიცებთ, როგორც ეს მერიას უნდა. თუ შეცვლილი ფორმით მივიღეთ დოკუმენტი, ალბათ გავიტანთ სხდომაზე. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი“.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მერიამ საკრებულოს ახალი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე ოთხჯერ მიმართა. მეოთხედ საკრებულოს 9 მარტს უნდა ემსჯელა, თუმცა, საკრებულომ ხელფასების განმსაზღვრელი დოკუმენტი სხდომაზე განხილვის გარეშე მერიას უკან დაუბრუნა. ამის გამო 9 მარტს დანიშნული სხდომა აღარ ჩატარდა.
ამავე დღეს ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ საკრებულოს განსახილველად ისევ იგივე, 5 მარტს გადაგზავნილ დოკუმენტს წარუდგენდა. მერმა საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.