თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროს თანამშრომლებს ისევე როგორც სხვა საჯარო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებს, ხელფასი 2023 წლიდან მოემატებათ. ასე უპასუხა მერმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის მოთხოვნას შეეხებოდა.
კერძოდ, ისინი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულებისთვის ხელფასის 20%-ით ზრდას ითხოვენ. მიზეზად კი გაზრდილ ინფლაციას ასახელებენ.
“ხელფასის ზრდა მომავალ წელს მოხდება და ის ყველა თანამშრომელს შეეხება. ამ საკითხზე ქვეყნის პრემიერმა ბევრჯერ ისაუბრა. იცით, რომ ყოველ წელს იგეგმება სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებისთვის ხელფასის 10%-ით ზრდა. ეს, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსაც ეხებათ. შესაბამისად, მომავალ წელს ხელფასი გაეზრდებათ”, – აცხადებს კალაძე.