ბორჯომის საკრებულოს შენობაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს მერიის თანამშრომლები, საკრებულოდან „ქართული ოცნების“ წევრები და ოპოზიციის დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია აცხადებს,„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გიუაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ივანე შალუტაშვილზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა. გიუაშვილი, რომელმაც სახის არეში დაპირისპირების შედეგად დაზიანება მიიღო, კვირკველიას ინფორმაციას უარყოფს. შალუტაშვილის განცხადებით კი, მან თავი დაიცვა.
საკრებულოს შენობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური და სამართალდამცველები იმყოფებიან.
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა დღეს კვლავ ვერ დამტკიცდა. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, რომლებიც დღესსხდომას ბოიკოტის შემდეგ პირველად დაესწრნენ.
31 იანვრიდან დღემდე, ბორჯომში კვორუმის არარსებობის გამო, მეექვსედ არ შედგა საკრებულოს სხდომა, რომელზეც ერთ-ერთ საკითხად ხელფასების ოდენობები უნდა განეხილათ. ამის გამო თვითმმართველობის 125 თანამშრომელს დღემდე არ აუღია იანვრის ხელფასი.