იმ ფონზე, როცა ბორჯომის საკრებულო მერიას ახალ საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს არ უმტკიცებს, droa.ge დაინტერსდა, რამდენია თავად საკრებულოს წევრებისა და იქ დასაქმებული საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურება და რის საფუძველზე იღებენ ისინი ხელფასებს, მაშინ, როცა მესამე თვეა, უხელფასოდ მუშაობენ მერიის საჯარო მოსამსახურეები.
როგორც ცნობილია, 2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ”, რომელიც ახლებურად არეგულირებს მოხელეების ანაზღაურების საკითხებს. სწორედ ეს კანონი მოითხოვს, რომ საჯარო უწყებებმა, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა “უზრუნველყონ საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით დამტკიცება”.
კანონის გარდამავალ დებულებებში, ასევე, მითითებულია, რომ უწყებებს საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები შესაბამისობაში 20 იანვრამდე უნდა მოეყვანათ.
აღმოჩნდა, რომ 2018 წლის 18 იანვარს, კანონით დადგენილ ვადამდე 2 დღით ადრე, საკრებულომ “ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ახალი დადგენილება დაამტკიცა. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე გაიცემა 2018 წლის იანვრიდან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ხელფასები. მანამდე ამ საკითხს 2017 წლის 16 ივნისს გამოცემული დადგენილება არეგულირებდა.
ამ ორი დოკუმენტის გაანალიზებით დგინდება, რომ ბორჯომის საკრებულოს არც საშტატო ნუსხაში და არც თანამდებობრივ სარგოებში ცვლილება არ შეუტანია და ახალი დადგენილება მხოლოდ კანონის მოთხოვნის შესასრულებლად დაამტკიცა.
საკრებულოს თავმჯდომარეს, ისევე, როგორც მანამდე, ამჟამადაც 2 650 ლარი აქვს ხელფასი, მის მოადგილეს კი 2000 ლარი. კომისიის თავმჯდომარეებს ანაზღაურება 1 680 ლარით აქვთ განსაზღვრული, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს – 1 620-ით, ხოლო მათ მოადგილეებს – 1100 ლარით.
აღსანიშნავია, რომ დადგენილებაში არც ფრაქციის თავმჯდომარეთა და არც მათ მოადგილეთა რაოდენობა მითითებული არ არის. არადა, საკრებულოში ორი ოპოზიციური ფრაქცია – “უკეთესი ბორჯომისთვის” და “ბორჯომის პატრიოტები”, ერთი კი მმართველი პარტიის ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” უკვე დარეგისტრირებულია. ამასთან, 2 ფრაქციის შესახებ დავამ სასამართლოში გადაინაცვლა, ვინაიდან “ქართული ოცნების” წევრებს დამატებით 2 ფრაქციის შექმნაზე ოპოზიციის უმრავლესობით დაკომპლექტებულმა საკრებულომ უარი უთხრა.
აქედან გამომდინარე, საშტატო ნუსხაში დღეისათვის მინიმუმ სამი ფრაქციის თავმჯდომარისა და მათი მოადგილეების თანამდებობები და, შესაბამისად, მათი სარგოები უნდა იყოს ასახული. დადგენილებაში კი მათი რაოდენობა, როგორც უკვე გითხარით, მითითებული არ არის და მხოლოდ 1 ფრაქციის თავმჯდომარის და ერთიც მისი მოადგილის თანამდებობრივი სარგოა დაფიქსირებული, მაშინ, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის თავმჯდომარეებისა თუ დაბალი რანგის მოხელეების რიცხოვნობა საშტატო ნუსხაში მკაფიოდაა მითითებული.
რაც შეეხება საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, საკრებულოს აპარატის უფროსის ხელფასი 1 550 ლარითაა განსაზღვრული. იგივე ანაზღაურება ჰქონდა წინა მოწვევის საკრებულოს აპარატის უფროსსაც.
III რანგის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების სახელფასო ანაზღაურება 780, 820 და 870 ლარია. საშტატო ნუსხაში, ასევე, არიან IV რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტებიც, რომელთა სახელფასო ანაზღაურებაც 780 და 820 ლარითაა განსაზღვრული.
საკრებულოს, ასევე, ჰყავს 2 უშტატო თანამშრომელი – მუდმივმოქმედი კომისიის დამხმარე სპეციალისტი ორგანიზაციულ-ტექნიკურ საკითხებში, რომლის ანაზღაურებაც 700 ლარია და მძღოლი, რომლისთვისაც, დადგენილებით, ყოველთვიურად 850-ლარიანი ხელფასია გათვალისწინებული.
ჯამში, დადგენილების თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 7 თანამდებობის პირი, 13 საჯარო მოხელე და 3 შტატგარეშე მოსამსახურე იღებს ხელფასს. თუმცა, გაურკვეველია, როგორ იღებენ საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ხელფასებს მაშინ, როცა საშტატო ნუსხაში ისინი შეყვანილი არ არიან.