ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას თქმით, მერია საკრებულოს გაზრდილ ხელფასებს დასამტკიცებლად უკვე მეხუთედ, უცვლელად გადაუგზავნის. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე თქვა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
“გაუგებარია რატომ მთავაზობენ სარგოს გაზრდას, როდესაც მე ხელფასის მატებაზე უარი განვაცხადე. მთავაზობენ დანარჩენ თანამშრომლებს მოვაკლო ხელფასი და ჩემი გაიზარდოს. ეს საკრებულოს მხრიდან არის საბოტაჟი, პროვოკაცია”, – განაცხადა ლევან ლიპარტიამ.
მისი თქმით, მესამე თვეა მერიის თანამშრომლები უხელფასოდ მუშაობენ: ” არ შეიძლება ასეთი რამ გააკეთო. ეს არის სირცხვილი თითოეული ბორჯომელისა, შეურაცხყოფა ჩვენი და მთელი საქართველოსი”. ლევან ლიპარტიას განცხადებით, მერია საკრებულოს ორშაბათს, 12 მარტს, იგივე საშტატო ნუსხას და ხელფასების ოდენობას ჩააწოდებს,რომელიც საკრებულომ ხუთ მარტს მიიღო, თუმცა მის განხილვაზე უარი განაცხადა.
“დაფიქსირებული იქნება, რომ თითოეულ თანამშრომელს სრულიად კანონიერად გაეზარდოს ხელფასი, ხოლო ჩემი დარჩეს უცვლელი. მე მინდა მოვუწოდო მათ გადადგან ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, გონივრული გზა აირჩიონ და ამ ხალხის სახელფასო ცვლილებას მხარი დაუჭირონ “, – განაცხადა ლევან ლიპარტიამ. შეკითხვაზე, თუ არ დამტკიცებს მათ მიერ ჩაწოდებულ საშტატო ნუსხას საკრებულო, შესაძლოა თუ არა ისევ გაიფიცოს მერია, გვპასუხობს:”არ ვიცი როგორ განივითარდება მოვლენები”.
“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია არ გამორიცხავს, რომ ხელფასების იმ ოდენობით მატებას, რასაც ახლა მიაწვდის მერია საკრებულოს, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მხარს დაუჭერს.
ბორჯომის მერიის მიერ საკრებულოსთვის გადაგზავნილ დოკუმენტში კვლავ გაზრდილი ხელფასების შესახებ წერია, თუმცა ამ შემთხვევაში ბორჯომის მერი საკუთარი ხელფასის გაზრდას აღარ ითხოვს.