“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის განცხადებასეხმიანება და განმარტავს, რომ დიალოგის მოწინააღმდეგე არავინაა, ოღონდ ეს დიალოგი მშვიდობიანი აქციების პარალელურად უნდა წარიმართოს.
როცა განცხადება კეთდება და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ან უბრალოდ, სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი და ისმენს მსმენელი, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება, ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა. ეტყობა ყველას ვერ გაუგია, თუ რას ვსაუბრობთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. არავინაა დიალოგის წინააღმდეგი, არავინ, ვინც რუსთასვლზე მოდის, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი აქციების პარალელურად. დიალიოგი გაიმარება მხოლოდ სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით კი არა, უბრალოდ, ჯერ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის მოპოვებასთან დაკავშირებით, – ამბობს ნიკა მელია “მთავარის” ეთერში.
“ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს პატივს სცემს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დასათმობი არავის არაფერი აქვს.
გარდა ამისა, დღეს 10 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლმა ორი განცხადება გაავრცელა, რომელიც ზოგისთვის ურთიერთგამომრიცხავია. ვაშაძის პირველი განცხადების თანახმად, ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.
ოპოზიციაში აღნიშნულ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. “ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ვაშაძის სიტყვები გაუგებარია. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ვაშაძის განცხადება პარტიასთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არაა. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ვაშაძის სიტყვები პარლამენტში შესვლის მოწოდებად აღიქვა.
ამ განცხადებიდან მალევე ვაშაძემ დამატებით განმარტებები ფეისბუქზე გაავრცელა და დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.
ვაშაძის ამ განცხადების შემდეგ პოლიტიკური პარტიები „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ „გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას“.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.
გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.