დეკანოიძე: ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული

377

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ვაშაძის პოზიცია არ იყო შეთანხმებული პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან.

“გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია. სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ”, — წერს დეკანოიძე.

დღეს გავრცელდა ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად”, – ამბობს ვაშაძე.

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით  რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.