თალაკვაძე: დასათმობი აქ არავის არაფერი აქვს, თანამშრომლობის მთავარი წინაპირობაა, ყველა მხარემ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს

368

შემდგომი თანამშრომლობის მთავარი წინაპირობა არის, რომ ყველა მხარემ – „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ პატივი სცეს იმ შედეგებს, რომელიც ცესკო-მ გამოაქვეყნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, კითხვაზე, რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს მმართველი გუნდი იმისთვის, რომ ოპოზიციასთან დიალოგი შედგეს, თალაკვაძემ უპასუხა, რომ „დასათმობი არავის არაფერი აქვს“.

„დასათმობი არავის არაფერი აქვს. ქვეყანაში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და შემდგომი თანამშრომლობის მთავარი წინაპირობა არის, რომ ყველა მხარემ – „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ პატივი სცეს იმ შედეგებს, რომელიც არჩევნების შედეგების დათვლით, ცესკო-მ გამოაქვეყნა. არჩევნებამდე და მის შემდეგ ვთქვით, რომ პატივს ვცემთ საზოგადოების არჩევანს და დროა, ახლა ოპოზიციამაც თქვას იგივე. ნებისმიერი შემდეგი თანამშრომლობის წინაპირობაა ის, რომ ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს. ამის შემდეგ შეგვიძლია დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვითანამშრომლოთ, მოვილაპარაკოთ, როგორ ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს, როგორ ვუპასუხოთ სოციალურ საკითხებს, როგორ გავაერთიანოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და როგორ მოვახდინოთ უფრო სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში. მზად ვართ, ნებისმიერ ამ მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსიითვის, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებისთვის ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც სურს, პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესი, თანამშრომლობა, ნორმალური პოლიტიკა და ვისაც სურს, ეს ქვეყანა მშვიდობიანი და ნორმალური განვითარების გზით წავიდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია 9 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ. აქციის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა დაწესებული შეზღუდვების მიმართ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და პარლამენტის შენობასთან დარჩა.

მანამდე, 8 ნოემბერს ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით  რამდენჯერმე დაშალეს, რა დროსაც აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ. გუშინდელ აქციაზე დააკავეს აქციის 19 მონაწილეც, რომელთა ნაწილსაც ჯარიმა, ნაწილს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.