“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გაუგებარს და დამაბნეველს უწეოდებს ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადასვლის შესახებ. ბოკერია ეოდება ოციფიალურ განცხადებას ენმ-დან.
“რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა და ველოდებით პარტიისგან, ნაციონალური მოძრაობისაგან და მისი თავჯდომარისაგან მკაფიო განცხადებას, რას გულისხმობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილება არის თუ არა მათ პოზიციაში”, — ამბობს ბოკერია.
მისი თქმით, “ევროპული საქართველოს’ პოზიცია უცვლელია და მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის იდეა არ მოსწონთ, უწევთ ეს გააკეთონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
“ევროპული საქართველოს პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება, რომ ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად, ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის ბევრად, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში”, — განაცხადა ბოკერიამ.
დღეს გავრცელდა ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.
“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად”, – ამბობს ვაშაძე.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.
გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.