„ნაცმოძრაობის“ წევრი ლევან გორგილაძე: ბათუმის უნივერსიტეტის ახალი კორპუსი საფრთხის შემცველია

312

ბათუმის უნივერსიტეტის ახალი კორპუსი საფრთხის შემცველია,- ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრმა ლევან გორგილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შენობისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯა და სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.

“ორი წლის წინ, ბათუმის უნივერსიტეტმა ლეონიძის ქუჩაზე ახალი ფილიალი და სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი გახსნა. ორი წელი არ არის გასული და აუდიტის დასკვნაც მიუთითებს, რომ ისეთი მდგომარეობაა ხელახლა საჭიროებს რემონტის ჩატარებას. 3 მილიონი არის დახარჯული და კორუფციის ნიშნები იკვეთება, ამდენი თანხის დახარჯვას ეს სამუშაოები არ საჭიროებდა, თან როგორ არის სამუშაო შესრულებული ჩანს. შენობაში სტუდენტების და ლექტორებისთვის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ყოველდღიურად კედლებიდან ბათქაში ცვივა და უნივერსიტეტის თანამშრომლები სტუდენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მივმართავთ, რომ აღნიშნული პროკურატურამ გამოიძიოს, თავად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მოვუწოდებთ, პრობლემა დროულად აღმოფხვრას, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია”,- განაცხადა ლევან გორგილაძემ.