ხონში ელექტრონულ ტენდერებს “ქართული ოცნების” შემწირველები იგებენ, – ამის შესახებ ხონის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” და იმერეთის ანტიკორუფციული მოძრობის წევრებმა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
“ხონში არსებული ტენდერების უმრავლესობას, შპს “როსტვერკი” და შპს “ჯ და ჯ” იგებენ. ამ კომპანიის დირექტორი კი გახლავთ “ქართული ოცნების” დეპუტატი წყალტუბოს საკრებულოში ჯეირან ომანაძე, რომელმაც “ქართულ ოცნებას” 120 000 ლარი შესწირა. აღნიშნული პიროვნების კომპანიებს ჯამში, მხოლოდ 2022 წელს მოგებული აქვს 6.5 მილიონის ტენდერი, რაც ხონის ბიუჯეტის თითქმის ნახევარია. მინდა მივმართო ხონის მერიას, როგორ შეიძლება მხოლოდ ერთი კაცი იგებდეს ყველა ტენდერს?! მის მიერ ტენდერებით მიღებული თანხა ხონის ბიუჯეტის ნახევარია” , – განაცხადა ხონის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ზვიად ჩიმაკაძემ.
იგი “ქართულ ოცნებასთან” ერთად პასუხისმგებლობას მოქალაქეებსაც აკისრებს, რომელიც ხმას აძლევს მმართველ გუნდს და ამით პოლიტიკურ არსებობას უგრძელებს კორუმპირებულ ხელისუფლებას.
ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების თქმით, მათი ორგანიზაცია აქტიურად სწავლობს იმერეთში არსებულ კორუფციულ ფაქტებს და ყველა მსგავსი ფაქტი საჯარო გახდება მოსახლეობისთვის.