ბათუმის საკრებულოს „ნაცმოძრაობის“ წევრებმა სხდომა მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად დატოვეს

334

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა დატოვეს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, სხდომას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი მიმართ სოლიდარობის ნიშნად ტოვებენ. ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აღნიშნეს, რომ დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” არჩეული დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების დღეა, მისი გარდაცვალების საქმე კი დღემდე გამოუძიებელია.

„ამ ქვეყანაში 2003 წელს დასრულდა კორუფცია, ამის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი იყო. საკრებულო დღეს აზრზე არ არის სად იმყოფება, საქართველოს მასშტაბით მეორე ქალაქის საკრებულოს წევრები არიან და პასუხისმგებლობა არ აქვთ. პროტესტის მიზეზი, მიხელ სააკაშვილი და ნუგზარ ფუტკარაძეა. საკრებულოს დღევანდელი სხდომის დატოვება ნიშნავს, ბოიკოტის რეჟიმს”,- განაცხადა რეზო ხარაზმა.

ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მამუკა ქობულაძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდეს.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეგნებულად კლავენ. ასევე, დღეს ერთი წელი გავიდა, რაც ნუგზარ ფუტკარაძე სიცოცხლეს გამოასალმეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ეს არის სისხლიანი საკრებულო, სისხლიანი მანდატი. დღევანდელი სხდომის დატოვება ნიშნავს პროტესტს მხოლოდ დღევანდელი დღისადმი, სამომავლოდ არაფერი არ გამოირიცხება, ეს იქნება საბოლოო თუ სრულიად დანებება, ეს გამოჩნდება რამდენიმე დღეში, ჩვენ ამას გადავწყვეტთ”,- განაცხადა მამუკა ქობულაძემ.