“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მორიგ მასშტაბურ აქციას გამართავს.
როგორც მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე თქვა, ბრძოლა არ შენელდება.
“ბრძოლა არ შენელდება, უამრავი საპროტესტო აქცია დაემატება სხვადასხვა წერტილში ყოველდღიურად, მაგრამ მე მგონია, რომ რუსთაველის გამზირზე ჩვენ ძალიან ბევრნი კიდევ ერთხელ უნდა შევიკრიბოთ, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ კობახიძე-ივანიშვილი იძახის 7 000 და ჩვენ ვართ ზღვა ხალხი, ამიტომ მგონია, რომ აი, ეს გამზირი უნდა გადაივსოს შაბათს, 3 საათზე, გადაივსება და ამით სხვა სტიმული მიეცემა ჩვენს ბრძოლას, მაგრამ შაბათამდე ჩემი ჩათვლით, მეგობრების ჩათვლით, ყველა ვიბრძოლებთ ყველა კუთხე-კუნჭულში, მოთმინებით უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ ისტორიის სწორ მხარეს… მე დამიჭერ, მე გამანადგურებ — მამაჩემი გამოვა, დედაჩემი გამოვა, ჩვენი ოჯახის წევრები გამოვლენ და ყველანი დავდგებით აქ”, – განაცხადა მელიამ.
რაც შეეხება დღევანდელ პროტესტს, როგორც აქციის მონაწილეებს ნიკა მელიამ უთხრა, ამაღამ პარლამენტთან დარჩება თავადაც, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც, ასევე ახალგზრდული მოძრაობის წევრებიც, თუმცა ყველას იგივე ქმედებისკენ ვერ მოუწოდებს:
“ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ, რომ დარჩეთ. სწორად გამიგეთ, მე აქ დავრჩები მეგობრებთან ერთად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც უნდა დარჩეთ..საკმარისად დავრჩებით, ბავშვები, ახალგაზრდები რჩებიან, ჩვენ იმათ ვერ მივატოვებთ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ბებიები, ბაბუები აქ დარჩნენ… ” – მიმართა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს…სწორად გამიგეთ, არ გეწყინოთ” მიმართა მელიამ აქციის მონაწილეებს.
ახლა პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 22:00 საათის შემდეგ კი “სირცხვილიას” დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება.
სწორედ დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.