“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, მეორე განცხადებას ავრცელებს და დამატებით განმარტავს, რომ მოქალაქეების პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
“სპეციალურად მათთვის, ვინც კითხვა არ იცის:
- მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
- მოქალაქეების პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი მოლაპარაკებების სახით ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
- სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და პარლამენტში არ შევდივართ
- ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროტესტი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დამატებით განმარტებამდე დღეს გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.
“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად”, – ამბობს ვაშაძე.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.
გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.