ცესკოსთან მანიფესტაციის მონაწილეებს წყლის ჭავლით შლიან

534

წინა სტატია

ამ წუთებში ცესკოსთან მანიფესტაციის მონაწილეებს წყლის ჭავლით შლიან. ჯერ-ჯერობით ცესკოსთან მხოლოდ აქციის მონაწილეთა ნაწილია, მათ შორის ჯერ არ არიან ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ცესკოსკენ მიემართებიან.

ცესკოსთან მოქალაქეები, რომელთა დაშლაც გაუფრთხილებლად, წყლის ჭავლით დაიწყეს, სამართალდამცველების მისამართით ქვებს ისვრიან. ჭავლით დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.