ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ კვლევა: ბიუროკრატიული ხარჯების დიდი წილი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე მოდის

485

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული სისტემა იყოს მაქსიმალურად ჯანსაღი, ოპტიმალური და გამჭვირვალე. ვინაიდან ბიუროკრატიის შენახვაზე გაწეული ხარჯები ხდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი, საჭიროა ბიუროკრატიის იმ ზომით შენარჩუნება, რომელიც საკმარისია ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახელმწიფოებრივი მიზნების ეფექტიანი განხორციელებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ კვლევაშია აღნიშნული.

ფრაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „კვლევის მიზანი საქართველოში არსებული ბიუროკრატიული აპარატის სიდიდისა და მასზე გაწეული დანახარჯების შესწავლა“, კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტს დაქვემდებარებულ სახელმწიფო დაწესებულებებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების დადგენაა.

„დღეისათვის ცნობილი არ არის, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს დაქვემდებარებულ სახელმწიფო დაწესებულებებში. სახელმწიფო ბიუჯეტში არ ჩანს შრომითი ხელშეკრულებით (გარდა ცენტრალური ბიუჯეტის ფარგლებში არსებული სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში) დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა.

ბიუროკრატიული ხარჯების ყველაზე დიდი წილი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე მოდის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2021 წლებში ჯამში გაიცა დაახლოებით 14.6 მლრდ. ლარის ოდენობის ხელფასი, მათ შორის, შტატგარეშეებზე 1.8 მლრდ. ლარი. იმავე პერიოდში ერთი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საშუალოდ შეადგენს 12.3 მლრდ. ლარს. ანუ, ამ ცხრა წლის განმავლობაში გაცემული შრომის ანაზღაურება აღემატება ერთი წლის საშუალო ბიუჯეტს. თვალშისაცემია, შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ზრდის ტემპიც. 2013-2021 წლებში შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურება საშუალოდ (ყოველწლიურად) იზრდება 18%-ით, მაშინ, როდესაც შტატიანების ხელფასები იზრდება 4%-ით. ეს ყოველივე დასტურია იმისა, რომ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე შტატიანების, რაც შეიძლება ნეპოტიზმითა და პოლიტიკური კორუფციით იყოს გამოწვეული. 2021 წელს 2013 წელთან შედარებით შტატგარეშე დასაქმებულთა ხელფასები 238 მილიონი ლარითაა გაზრდილი, 2015 წელთან და 2018 წელთან შედარებით კი შესაბამისად 179 მილიონი ლარით და 112 მილიონი ლარით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფრაქციის ცნობით, კვლევიდან ირკვევა, რომ ზემოთ წარმოდგენილ სახელმწიფო დაწესებულებებში შტატგარეშე თანამშრომელთა საშუალო თვიური ხელფასი 2021 წლის მდგომარეობით 1455 ლარს შეადგენს, ხოლო შტატიანების კი 2129 ლარს.

„დასაქმებულთა დაკომპლექტება ხდება პრინციპით: “ცოტ-ცოტა და ყველას”. სხვაობა შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასების დონეში არის 46 პროცენტი. რაც შეიძლება მეტის დასაქმება მცირე ანაზღაურებით პოლიტიკური მოტივითაც არის განპირობებული. ასეთი მიდგომა ორიენტირებულია არა შესასრულებელი სამუშაოს ხარისხზე და რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე, არამედ მმართველ პარტიასთან პოლიტიკურად დაკავშირებული აქტივისტების დასაქმებაზე, რომლებიც საარჩევნო პერიოდში მოგვევლინებიან, როგორც პარტიის აგიტატორები. განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს მუნიციპალურ სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში.

მუნიციპალიტეტებში 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფუნქციონირებს 67 ა(ა)იპ, რომელთაც არ გააჩნიათ საქმიანობისთვის აუცილებელი ინვენტარი (კომპიუტერული ტექნიკა, საოფისე ავეჯი და სხვა სახის ინვენტარი). 2014-2019 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45,062.9 ათასი ლარი დახარჯულია ისეთი ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რომლებსაც საჭირო მატერიალური რესურსები არ ჰქონდათ და შესაბამისად, ვერ შეძლებდნენ დასახული მიზნების მიღწევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები ყოველწლიურად იზრდება. საქონლისა და მომსახურების ხარჯებთან ერთად მზარდია სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მნიშვნელოვნად განსხვავებულია შრომის ანაზღაურების ოდენობა სხვადასხვა უწყებებში მსგავს პოზიციებზე (ერთი და იგივე ხასიათის სამუშაოებზე) დასაქმებულთა შორის. უფრო მეტიც, ანალოგიური მდგომარეობა შეიმჩნევა ერთი უწყების შიგნითაც კი. ეს განპირობებულია ნეპოტიზმით და ამა თუ იმ უწყების ,,პოლიტიკური გავლენით“, რაც საბოლოო ჯამში იწვეს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურად გამოყენებას.

ერთიანი სტანდარტის არარსებობა არ იძლევა შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სამართლიანად დარეგულირების შესაძლებლობას. უნდობლობის განცდას და რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის შტატგარეშე მოსამსახურის სამსახურში მიღების გამარტივებული და გაუმჭვირვალე კონკურსის წესი, სადაც გადამწყვეტია გასაუბრების საფუძველზე უფლებამოსილი პირის თანხმობა. ვინაიდან საჯარო სამსახური განიცდის მთავრობისა და მმართველი პარტიის ზეგავლენას, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყნისთვის. რაც უფრო მძიმეა ბიუროკრატიული ტვირთი, მით უფრო მეტი ფული იფლანგება ბიუჯეტიდან. ამიტომ, აუცილებელია ბიუროკრატიული აპარატის იმ ზომით არსებობა, რომელიც საკმარისი იქნება სახელმწიფოს მიზნების ეფექტიანი განხორციელებისთვის“, – ნათქვამია ფრაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.