ზაალ უდუმაშვილი: საპროტესტო გამოსვლებს ყოველდღიური სახე ექნება

404

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ საპროტესტო გამოსვლებს ყოველდღიური სახე ექნება. შაბათს, 15:00 საათზე კი, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია ჩატარდება.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგეს, ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.

“მაინც დაინიშნება ხელახალი არჩევნები, პირობას გაძლევთ, დიალოგზე წამოვა თუ არ წამოვა. ეს უბრალოდ არის ფორმა, რომ კიდევ შეძლოს, რომ რაღაც სახე შეინარჩუნოს, თორემ ეხლა ძალაუფლება ხალხის ხელშია და ხალხი ისე გამოიყენებს, როგორც ჩათვლის საჭირო”, – თქვა უდუმაშვილმა.

ახლა პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 22:00 საათის შემდეგ კი “სირცხვილიას” დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება.

სწორედ დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.

ცესკოს შენობასთან დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კი პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს.