სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” თბილისში, პარლამენტთთან საპროტესტო აქცია დაგეგმა იმ საათებში, როცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქში გადაადგილება აკრძალულია.
“Covid-19-ის გავრცელების შემცირების მიზნით, თქვენივე ჯანმრთელობისთვისო, ქართულმა ოცნებამ 22:00-დან 05:00-მდე გადაადგილება აკრძალა.
ხელისუფლებამ, რომელიც სიტყვით გამოსვლისას ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს ისვრის, როგორი ჰუმანურია, გუშინ ისევ გაიმეორა გამოუსწორებელი შეცდომა და არაპროპორციულად, სიცივეში ცივი წყლის ჭავლის მიშვერით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.
და იცით, სადამდე გაუვათ? სანამ საკუთარ სახლებში კომფორტულად მოკალათებულები დაკავებული ადამიანების რაოდენობასა და დასახიჩრების ტიპებს 7 ნოემბერს, 26 მაისსა და სხვა თარიღებს შევადარებთ.
სანამ ეკრანებთან ჩასაფრებულები დავაკვირდებით, ვინმე ისე ხომ არ იქცევა, მისთვის წყლის ჭავლის მიშვერა რომ ღირდეს.
სანამ უსამართლობაზე გაბრაზების ნაცვლად – შიში შეგვიპყრობს.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ბიძინა ივანიშვილო! ჩვენ შენი არ გვეშინია. საქართველოში რუსულ რეჟიმს არ დაგამყარებინებთ. რამდენი რობოკოპიც არ უნდა გამოიყვანო და შენი კარის ჯამბაზებს – კალაძეს, მდინარაძესა და კობახიძეს რაც არ უნდა ათქმევინო – ჩვენში შიშს ვერ ჩანერგავ.
შენი მხოლოდ შენს დაქვემდებარებულ მონებს ეშინიათ. ნამუსის ფულზე გამყიდველ მონებს. ეშინიათ იმ “მუშკეტერებსაც”, კორონავირუსი რომ უფრო დიდ საფრთხედ ეჩვენებათ და “პოლიტიკაში არ ერევიან”, ამიტომ, წყლის ჭავლით გაწუწულ ადამიანებზე ხმას ვერ იღებენ.
და ალბათ, ეს არის, ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ბედი. ცემისა და დაშინების მიუხედავად, ღირსებას არ ვთმობთ. გიკვირს, არა?
ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ. ჩვენ, ვინც ყველაფრის მიუხედავად გამოვალთ გარეთ და ხმას შევუერთებთ მშიერ რაინდებს, საპროტესტო წერილებზეც მივაწერთ სახელს… შენი დღეები დათვლილია! არ გემორჩილებით!” – ნათქვამია განცხადებაში.
“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და 10-მდე აქციის მონაწილემ. მისივე თქმით, ნაწილს დახმარება აღმოუჩინეს ადგილზე და ნაწილი გადაიყვანეს კლინიკაში.