ვაკის საოლქო კომისიასთან დააკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

549

ვაკის საოლქო კომისიასთან ზვიად კუპრავასთან ერთად აქციაზე დააკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, გიორგი რურუას სასამართლომ 1000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ რურუამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ჯარიმის გადახდას აპირებს, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

„დამეკისრა 1000 – ლარიანი ჯარიმა, რის გადახდასაც ვაპირებ, თუმცა დიდად არ ვეთანხმები. კი, სამართალდამცველებს რაღაც ფორმის წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ არ მაქვს მე იმხელა შესაძლებლობა, რომ პოლიციელებს წინააღმდეგობა გავუწიო. ეს პროტესტი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საბურთალოს ოლქზე ოქმების დარღვევა დაფიქსირდა”, – განაცხადა გიორგი რურუამ.

ცესკოს შენობასთან დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კი პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და 10-მდე აქციის მონაწილემ.