ცესკოს შენობასთან დაკავებული არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს

444

წინა სტატია

ცესკოს შენობასთან დაკავებული არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებიდან დღეს დილით, 06:00 საათზე, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს, – ამის შესახებ არასრულწლოვნის ოჯახის ახლობელმა ბესიკ წერედიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ ეტაპზე საბუთები მიიტანეს, რათა პროცესი დაინიშნოს.

“წუხელ, 01:30 საათზე დააკავეს ცნობილი მოვლენების დროს. გამოძიება სტანდარტულად პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება. მთავარი ასპექტია, რომ ბავშვი არასრულწლოვანია, გადაყვანილი ჰყავდათ დიდუბის განყოფილებაში და დღეს გამოუშვეს. უკანონოდ იყო დაკავებული და დღეს 06:00 გამოუშვეს. ახლა მოიტანეს საბუთები და სასამართლო პროცესი უნდა დაინიშნოს, საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში კანონმდებლობა ბავშვების დაკავების უფლებას არ იძლება. დიდი ალბათობით სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. დილით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, სავარაუდოდ, სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. ჩემი ნათესავი 19 დაკავებულს შორისაა, უბრალოდ პრობლება ისაა, რომ ახლობლებმა მისი დაკავების შესახებ არ ვიცოდით. რამდენიმე საათი უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული”, – განაცხადა ბესიკ წერედიანმა.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

შს სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოანგრიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ სააგნებს და სცადეს უკანონოდ შეჭრილიყვნენ შენობაში, რის გამოც 19 პირი დააკავეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.