მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში, ვარდების სკვერში აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ამბობენ, მათი მთავარი მოთხოვნაა ხელისუფლებამ უსახლკაროები საცხოვრებელი სახლებით დააკმაყოფილოს.
აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აჭარაში უსახლკარო მოქალაქეთა რაოდენობა 3000-ს აჭარბებს.
„ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ქირით ცხოვრება შეუძლებელია, ვერ ვიხდით გადასახადებს. ერთს ვითხოვთ სახელმწიფოსგან, რომ დაგვაკმაყოფილონ ფართებით და აღიარონ ჩვენი უსახლკარო სტატუსი”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ამასთან, აქციის ორგანიზატორებმა განამარტეს, რომ უსახლკაროთა მხარდასაჭერად, პარტიის შექმნას გეგმავენ.
„რამდენიმე თვეა ხელისუფლებას მივმართავთ, რომ ამ ხალხის პრობლემებზე შეიქმნას კომისია და დავიწყოთ მუშაობა, რასაც რეაგირება არ მოყოლა. პატარა “ზაპოროჟეცი” რომ გყავდეს სახლად გეთვლება, ვიღაცასთან რომ შესახლებული იყო, სახლად გეთვლება. ეს ჩვენთვის მიუღებელია! გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პარტია შევქმნათ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის შესრულებაზე იმუშავებს, სადაც გარკვევით წერია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდეს საქართველოს მოქალაქე. პარტიასთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე საუბარი ჯერ ადრეა”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა მერაბ ბლადაძემ.