კალაძე: აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს, 22:00 საათის შემდეგ კი, კანონი ყველასთვის მოქმედებს

364

აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 22:00 საათის შემდეგ კი, კანონი ყველასთვის მოქმედებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები, 22:00 საათამდე თუ არ დაიშლებიან, მათ ქმედებას რეაგირება მოჰყვება.

„მე მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 22:00-ის შემდეგ კი მოქმედებს კანონი ყველასთვის, როგორც ჩემთვის, ისე თქვენთვის თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. სხვა შემთხვევაში რეაგირება მოჰყვება ყველაფერს, რაც იქნება ყველაფერს რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან 18:00 საათზე იკრიბებიან, სადაც მათი თქმით, გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს გააპროტესტებენ.

ცნობისთვის, დღეიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.