გუშინ თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გაცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აქციაზე გუშინ სამართალდამცავებმა 19 პირი დააკავეს.
„დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე პოლიცია მობილიზებული იყო და უზრუნველყოფდა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მშვიდობიანი ფორმით ჩატარებას. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის შემდეგ მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოანგრიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ სააგნებს და სცადეს უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში“, – განაცხადა საბანაძემ.
მისი თქმით, ცესკოსთან ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და 10-მდე აქციის მონაწილემ. მისივე თქმით, ნაწილს დახმარება აღმოუჩინეს ადგილზე და ნაწილი გადაიყვანეს კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.