შოთა რეხვიაშვილი მარნეულში შეკრებილებს: აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი

428

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი, – ამ სიტყვებით მიმართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას, რომლებიც პროდუქციის ჩაბარებისას სოციალურ დისტანცირებას არ იცავენ.

ცნობისთვის, მარნეულში, სადაც სატვირთო მანქანები მოსახლეობის პროდუქციას რეალიზაციის მიზნით იბარებენ, ხმაურია.

როგორც შოთა რეხვიაშვილი განმარტავს, აღნიშნული პროცედურა სოციალური დისტანცირების და რეკომედენდაციების დარღვევით მიმდინარეობს, რაც საგანგაშოა.

„ახლა პროდუქიის ჩაბარების ეტაპია, მაგრამ ეს ეტაპი რეკომენდაციის, სოციალური დისტანცირების, დაავადების გავრცელების პრევენციის დარღვევით მიმდინარეობს და ეს ძალიან საგანგაშოა. რადგან ეს პირველი დღეა და ამ პროცესში ჩართვა დავიწყეთ, წესრიგი იქნება, თუმცა, დღევანდელი დღე იმედის მომცემი არაა იმ კუთხით, რომ ამ დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით სწორ ნაბიჯებს არ ვდგამთ, პირდაპირ ვამბობ, საზოგადოებრივ წესრიგს ვერ ვიცავთ, რაც აუცილებლად დასაცავია. მანქანები შემოდიან და მანამდეც შემოდიოდნენ, თან იგივე კომპანია, ასევე შემოდიოდნენ დამატებით, ინდივიდუალური დისტრიბუტორები M2 კატეგორიის სამარშუტო ტიპის მანაქანებით, პროდუქცია გაქონდათ და ახლაც გააქვთ. უბრალოდ, ახლა დაემატა სატრანსპორტო საშუალებები, მაგრამ რადგან იმ სოფლებში შემოვედით პირველი, სადაც ეს პროდუქტი დაგროვდა, გარკვეული ვნებათაღლევაა და ყველას უნდა, რომ რაღაცნაირად პირველ რიგში, თავისი პროდუქტი შეიტანოს ამ სატვირთო მანქანაში. ჩვენ მივიღებთ ზომებს, დღესვე დავიწყებთ, რომ სიები წინსმწრებით გვქონდეს დადგენილი და ცენტრში მხოლოდ ის ოჯახი და ის ოპტიმალური რაოდენობა გამოვიდეს, რაც არ დაარღვევს რეკომენდაციებს, ეს არის ამოცანაც და გამოწვევაც დღევანდელი დღიდან და ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვდნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.