აფხაზეთში აგრარული ბაზრების უმეტესი დიდი ნაწილი მუშაობას შეკვეცილი გრაფიკით განაახლებს. შესაბამისი განკარგულება აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ 17 აპრილს გასცა, წერს “აფსადგილ ინფო”.
ამავე ცნობით, სოხუმის ცენტრალური ბაზარი კვირაში სამჯერ, პარასკევს, შაბათს და კვირას იმუშავებს, 16 საათამდე, ხოლო 19 საათიდან ქალაქის სურსათის უვნებლობის სამსახური ტერიტორიის დეზინფექციას ჩაატარებს.
დღეიდან მუშაობას იწყებს გალის ბაზარიც, რომელიც ასევე კვირაში სამჯერ, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას იქნება გახსნილი. 20 აპრილიდან ბაზრები ამოქმედდა ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში, ხოლო 21 აპრილს – გაგრაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 28 მარტიდან აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა. გარდა ამისა, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება იყო აკრძალული.
28 მარტიდან ასევე დაკეტილი იყო აგრარული ბაზრებიც. 4 მაისამდე ისევ შეჩერებულია სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გაგრაში 7 აპრილს დაფიქსირდა, რის გამოც გაგრაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. კორონავირუსთან დაკავშირებით აფხაზეთში შექმნილი ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით სამი პაციენტი მკურნალობს.
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლა კი გაცილებით ადრე, 14 მარტს ჩაიკეტა, თუმცა, ახალ ვირუსზე საეჭვო ნიშნებით პაციენტებს გამონაკლისის სახით მგზავრობის უფლებას აძლევს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 5.