ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას გაგრაში „კომენდანტის საათის“ შემოღების შესახებ. ამის შესახებ „სპუტნიკ აფხაზია“ იუწყება.
განკარგულების მიხედვით, კომენდანტის საათი იმოქმედებს 20:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე. ამ პერიოდის განმავლობაში იკრძალება ქუჩაში და საცხოვრებლის გარეთ ყოფნა.
კომენდანტის საათი შემოღებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე კრონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.
ცნობისთვის, გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდინფექცია დაუდასტურდა 29 მარტს მოსკოვიდან დაბრუნებულ პირს. მისი ჰოსპიტალიზაცია 6 მარტს გუდაუთის საავადმყოფოში მოხდა.
ოუპირებულ აფხაზეთში 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 აპრილამდე გადაიდო.
გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებით, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აკრძალულია.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.