2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 6 237,3 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც თავდაპირველ დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 210,0 მლნ ლარით.
მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული ზრდის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი:
სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან 50 ლარით გაიზარდა და 150 ლარის ოდენობით განისაზღვრა. შესაბამისად, პროგრამის დასაფინანსებლად დამატებით 86,2 მლნ ლარი გამოიყოფა;
მაღალმთიან დასახლებებში დაწესებული შეღავათების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 4,0 მლნ ლარი;
სასწრაფო დახმარების სამსახურის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის დამატებით გამოყოფილია 15,0 მლნ ლარი;
რეფერალური მომსახურების დასაფინანსებლად დამატებით გამოყოფილია 20,0 მლნ ლარი;
ახალი კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის დამატებით გამოყოფილია 45,0 მლნ ლარი;
მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო, რომლისთვისაც 39,8 მლნ ლარი გამოიყოფა.
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. განხილვები პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება.