ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით სამი პაციენტი მკურნალობს. კორონავირუსთან დაკავშირებით აფხაზეთში შექმნილი ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, მათ მდგომარეობაში უმნიშვნელო დადებითი დინამიკა შეინიშნება.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კოვიდინფექციაზე ტესტირება ხუთმა ადამიანმა გაიარა. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ოპერატიული შტაბი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და ნუ დატოვებენ საცხოვრებელ სახლებს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა.
კორონავირუსით დაინფიცირებული ყველა ადამიანი გაგრის მცხოვრებია. პირველი შემთხვევა გაგრაში 7 აპრილს დაფიქსირდა, რის გამოც გაგრაში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 28 მარტიდან აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოაცხადებული. სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 აპრილამდე გადაიდო. გარდა ამისა, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აკრძალულია.
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლა კი გაცილებით ადრე, 14 მარტს ჩაიკეტა, თუმცა, ახალ ვირუსზე საეჭვო ნიშნებით პაციენტებს გამონაკლისის სახით მგზავრობის უფლებას აძლევს.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.