მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

762

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია აფხაზეთის ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკზე დაყდნობით წერს.

მათი ცნობით, ინფიცირებული პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ინფიცირებული გაგრის მცხოვრებია და მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „კოვიდ-19“-ზე 86 ადამიანი შეამოწმეს, თუმცა, არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

ოუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.  სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 აპრილამდე გადაიდო.

გალის სოფელ საბერიოდან შემოყვანილ ქალს, რომელიც დეფაქტო რესპუბლიკაში რუსეთიდან ჩავიდა, კორონავირუსი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუდასტურდა. პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 46 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.