პრეზიდენტი: აფხაზური ენის გადარჩენის გარეშე არ არსებობს აფხაზების გადარჩენა

369

დღეს, როცა აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, აფხაზური ენის დღე, პირველ რიგში, ჩვენთვის, აფხაზებისა და ქართველებისთვის უნდა იყოს დაფიქრების დღე, რადგან აფხაზური ენის გადარჩენის გარეშე არ არსებობს აფხაზების გადარჩენა ,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა.

პრეზიდენტის განმარტებით, თავისი მრავალათასწლოვანი არსებობის პერიოდში, აფხაზური ენა პირველად დადგა გაქრობის საფრთხის წინაშე.

„სიმბოლურია, რომ მდინარე ენგური, რომელიც დღეს ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფს, შუმერულ ენაში სიბრძნის სამყოფელ მიწისქვეშა მდინარეს ეწოდებოდა. სიბრძნემ უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან, სიბრძნის ნაკლებობამ კატასტროფამდე მიგვიყვანა და თავისი მრავალათასწლოვანი არსებობის პერიოდში, აფხაზური ენა პირველად დადგა გაქრობის საფრთხის წინაშე.

საქართველომ, თავისი ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, უნდა შეძლოს აფხაზური ენის გადარჩენა და განვითარება საერთო ევროპული კულტურული დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემად აქციოს.

როგორც გასულ წელს „იუნესკოში“, კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესებასთან დაკავშირებით განვაცხადე, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობითაა შესაძლებელი კავკასიური ენების, მათ შორის, აფხაზური ენის გადარჩენა“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.