ოკუპირებულ აფხაზეთში სწავლის დაწყება 20 აპრილამდე გადაიდო

713

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 აპრილამდე გადაიდო. ამის შესახებ ე.წ. მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული.

უფრო ადრე, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების რისკის პრევენციულ რამდენიმე ღონისძიებას ითვალისწინებს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ბაღებში, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესის 30 მარტამდე შეჩერება.

სოხუმის მტკიცებით, მათ არ ჰყავთ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები. თუმცა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ოკუპირებულ გალში, უკვე მოაწყვეს საკარანტინო სივრცეები.

აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

გალის სოფელ საბერიოდან შემოყვანილ ქალს, რომელიც დეფაქტო რესპუბლიკაში რუსეთიდან ჩავიდა, კორონავირუსი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუდასტურდა. პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.