ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ახალი კორონავირუსის, covid19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხელი მოაწერა „ბრძანებას“ ორი კვირით საგანგებო მგდომარეობის გამოცხადების შესახებ.
გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 25 მარტიდან 7 აპრილამდე იკრძალება მასობრივი, მათ შორის საზეიმო ღონისძიებების, ქორწილების, ექსკურსიების ჩატარება, დროებით დაიხურება სპორტული და ფიტნეს დარბაზები, სალონები.
აფხაზეთში შესვლა ეკრძალება “უცხოეთის მოქალაქეებს და აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ექსკურსიის ჩატარების ან ტურისტული მიზნით აპირებენ რესპუბლიკაში შესვლას”.
ასევე, ამ პერიოდში შეჩერდება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მოქმედება, საზოგადოებრივი (შიდასაქალაქო, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა), ტაქსის გარდა.
ამავე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაევალა “აფხაზურ-რუსულ” საზღვართან განთავსებულ საკონტროლო – გამშვებ პუნქტთან 24 – საათიანი მორიგეობის დაწესება.
დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა მოსახლეობას მიაწოდოს სრული ინფორმაცია კორონავირუსის პრევენციის შესახებ. მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები, იგეგმება სამედიცინო პერსონალის გადამზადება. ასევე სანიტარულ – ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის დაწესება სავაჭრო ობიექტებზე, სასტუმროებსა, და ლაბორატორიებზე.
საჯარო სამსახურებს, საწარმოებს და ორგანიზაციებს მიეცემათ რეკომენდაცია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის შესახებ.
გარდა ამისა, 7 აპრილამდე გაგრძელდება არდადეგები სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.
სავაჭრო ორგანიზაციებს “მთავრობა” მოუწოდებს არ დაუშვან ფასების ზრდა კვების და საბავშვო პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, სამედიცინო აღჭურვილობაზე, სადეზინფექციო და პირადი ჰიგიენის საშუალებებზე.
ე.წ. ფინანსთა სამინისტროს დაევალა მოიძიოს თანხები რესპუბლიკის მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ღონისძიებების გასატარებლად.
ცნობისთვის, დეფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, წინ უძღოდა მოქალაქეების უკმაყოფილება, რომელსაც ისინი სოციალურ ქსელში გამოხატავდნენ. ისინი სწუხდნენ იმაზე, რომ კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებები არ ტარდება, ამის პარალელურად კი ოკუპირებულ ტერიოტორაზე, როგორც ამ ეტაპზე უსაფრთხო ზონაში, იზრდება რუსეთიდან შემოსული ტურისტების ნაკადი.
რაც შეეხება დანარჩენ საქართველოსთან „საზღვარს“, სოხუმმა კორონავირუსის თავიდან აცილების მიზეზით, შეზღუდვები გადაადგილებაზე ჯერ კიდევ 27 თებერვალს დააწესა და 14 მარტს სრულად ჩაკეტა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსით ინფიცირების შესახებ ოფიციალური ცნობები არ ვრცელდება.
23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.