ოკუპირებულ აფხაზეთში 20 აპრილის ჩათვლით მოქმედი ე.წ. საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდა. ე.წ. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელის რაულ ლოლუას განცხადებით, გაგრისა და გალის რაიონებში მოხსნილია შესვლის აკრძალვა და დღეიდან გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათი.
ლოლუას თქმით, კვლავაც დახურულია სკოლები, საბავშვო ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები. არ გახსნილა ტურისტული ობიექტები და სასტუმროები. კვლავაც დაკეტილია ე.წ. საზღვრები.
ლოლუას ინფორმაციით, ვითარება დეფაქტო რესპუბლიკაში კონტროლს ექვემდებარება. კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გაგრაში 7 აპრილს დაფიქსირდა, რის გამოც გაგრაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. კორონავირუსთან დაკავშირებით აფხაზეთში შექმნილი ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით სამი პაციენტი მკურნალობს.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 28 მარტიდან აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა. სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 აპრილამდე იყო შეჩერებული. გარდა ამისა, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება იყო აკრძალული.
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლა კი გაცილებით ადრე, 14 მარტს ჩაიკეტა, თუმცა, ახალ ვირუსზე საეჭვო ნიშნებით პაციენტებს გამონაკლისის სახით მგზავრობის უფლებას აძლევს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 5.