გერმანიის ელჩი: მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები დიალოგის ინიციატივით გამოდიან

327

გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში მოხარულია, რომ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წამყვანი პოლიტიკოსები დიალოგის ინიციატივით გამოდიან. მის განცხადებას საელჩო ავრცელებს.

“საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის. ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს”, — ნათქვამია ჰუბერტ ქნირშის განცხადებაში.

“ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს პატივს სცემს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დასათმობი არავის არაფერი აქვს.

გარდა ამისა, დღეს 10 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლმა ორი განცხადება გაავრცელა, რომელიც ზოგისთვის ურთიერთგამომრიცხავია. ვაშაძის პირველი განცხადების თანახმად, ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.

ოპოზიციაში აღნიშნულ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. “ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ვაშაძის სიტყვები გაუგებარია. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ვაშაძის განცხადება პარტიასთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არაა. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ვაშაძის სიტყვები პარლამენტში შესვლის მოწოდებად აღიქვა.

ამ განცხადებიდან მალევე ვაშაძემ დამატებით განმარტებები ფეისბუქზე გაავრცელა და დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.

ვაშაძის ამ განცხადების შემდეგ პოლიტიკური პარტიები „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ „გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას“.

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით  რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.