ლაცაბიძე: რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ გვერდზე უნდა გადადოს პოლიტიკური ამბიციები და 2023 წლის ბიუჯეტი, ხელოვნური ბარიერების გარეშე დაამტკიცოს

333

რუსთავის მერიამ, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, საკრებულოს განსახილველად წარუდგინა. ამასთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, რთული და დატვირთული სამუშაო პროცესის შემდეგ, როგორც მერიის გუნდში, ისე მოსახლეობასთან კონსულტაციებზე დაყრდნობით, კანონის მოთხოვნის შესაბამისად და ვადების სრული დაცვით, 2023 წლის ბიუჯეტი, მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა.

,,ბიუჯეტს პოზიტიურად ვიწყებთ, და 87 367 700 ლარითაა განსაზღვრული. ჩვენ გვაქვს იმის მაგალითი, როგორ გავზარდეთ რამდენჯერმე 2022 წელს ბიუჯეტი და ანალოგიურად, საგადასახადო შემოსავლების დაზუსტების შემდეგ ველოდებით ზრდას 2023 წლის პირველ კვარტალშივე, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ რუსთავში. ეს ტენდენცია შენარჩუნდება მთელი წლის განმავლობაში. რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი მზად არის, ახლა ჯერი საკრებულოზეა“, – განაცხადა რუსთავის მერმა.

ნინო ლაცაბიძემ იმედი გამოთქვა, რომ რუსთავის ოპოზიციური საკრებულო გვერდზე გადადებს პოლიტიკურ ამბიციებს და 2023 წლის ბიუჯეტს ყოველგვარი ხელოვნური ბარიერების გარეშე დაამტკიცებს.

,,თქვენ იცით იმ არცთუ ისე ჯანსაღი სიტუაციის შესახებ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში რუსთავის ოპოზიციურ საკრებულოშია და რომელმაც გასულ კვირას კულმინაციას მიაღწია. რუსთავის ოპოზიციური საკრებულოს უმრავლესობამ და თავმჯდომარემ, რომელთაც ამ ხნის განმავლობაში თუ არ ჩავთვლით შტატების დამატების და ხელფასის გაზრდის მოთხოვნას, არცერთი საქმიანი ინიციატივით არ მოუმართავთ, გვერდზე უნდა გადადონ პოლიტიკური ამბიციები, შეწყვიტონ თანამშრომლების დისკრიმინაცია და 2023 წლის ბიუჯეტი ხელოვნური ბარიერების გარეშე დაამტკიცონ “, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, წლევანდელ საწყის ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია და 87 367 700 ლარს შეადგენს. ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს ორი ახალი – ძუძუს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსება და შინ მოვლის პროგრამა დაემატა. პრიორიტეტულია განათლების ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის განვითარება. ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც 2023 წელს განხორციელდება, რუსთავის მერიას ელექტრონული ტენდერები გამოცხადებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოები 2023 წლის დასაწყისში, შეფერხების გარეშე დაიწყება. ბიუჯეტის პროექტი, რუსთავის ოპოზიციურ საკრებულოში მერიამ გუშინ შეიტანა.