“გახარჯულია თანხები და სამუშაოები მიტოვებულია” – ხარაგაულის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ

466

ხარაგაულის მერს და მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსს კორუფციაში ადანაშაულებენ. ბრალდებას თანამდებობის პირებს საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ქეთევან ზუმბაზე უყენებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მისი განცხადებით, ხარაგაულის სოფლებში, ვარძიაში, წყალაფორეთში, ბუდიანეთსა და საქარიქეთში, გზის, წყლის და სხვა ტიპის სამუშაოების შესასრულებლად ასი  ათასობით ლარი იყო გამოყოფილი, შედეგი კი არ ჩანს.

“ხარაგაულში სოფლის პროგრამებს ქალაქის მერი, მისი ძმა და სოციალური სამსახურის უფროსი აკეთებს. ეს ადამიანები ამოფარებული არიან სხვა ინდ.მეწარმეებს. გამომდინარე იქედან, რომ სოფლის პროგრამების შესასრულებლად ტენდერის გამოცხადება საჭირო არაა და ინდმეწარმის არჩევა გამარტივებული შესყიდვების საფუძველზეა შესაძლებელი, მერის წარმომადგენლები სოფლებში რეკომენდაციას იმ ინდმეწარმეებს უწევენ, რომელიც მერთან ახლო კავშირში არიან.

თანხები დახარჯულია, ხოლო, სამუშაოები მიტოვებული. სოფლებში რამდენიმე ჭა უნდა მოწყობილიყო მაგრამ გაკეთებულ ჭაში წყალი არ არის. საუბარია დაახლოებით 9 ჭაზე, რომლისთვისაც დაახლოებით, 300 000 ლარი დაიხარჯა. ფაქტიურად ეს თანხა წყალს გაატანეს. საგულისხმოა, რომ არცერთ მათგანზე არ არის ჰიდროგეოლოგიური დასკვნა თუ რამდენად შეიაძლებოდა ამ ჭებში წყალი ყოფილიყო. ამის გარდა, სოფლები დარჩენილია გზის გარეშე, რადგან სამუშაოები მიტოვებულია. საბოლოო ჯამში, მოსახლეობა ვერ იღებს იმ სიკეთეებს, რომლითაც სოფლის მხარდაჭერის პროექტებით უნდა ესარგებლათ”, – განაცხადა ქეთევან ზუმბაძემ ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ოფისში.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლი ანტიკორუფციულ მოძრაობასთან ერთად საქმის მასალების პროკურატურაში წარდგენას გეგმავს.

“ასეთი ფაქტების ძალიან ბევრი დაგროვდა, ყველას ერთად შევკრავთ და ერთობლივად, ყველას ასეთ პროექტს მივცემთ მსვლელობას და პროკურატურას წარვუდგენთ”, – ამბობს “ანტიკორუფციული მოძრაობის” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.

ბრალდებაზე ხარაგაულის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიმდინარე წელს დაიწყო. პროგრამის ფარგლებში თანხები ასე გადანაწილდა:

დასახლებას, სადაც 200-მდე მაცხოვრებელია, 10 000 ლარი გამოეყო;

თუ სოფელში მაცხოვრებელთა რაოდენობა 201-დან 400-მდეა -12 000 ლარი;

დასახლებას, სადაც 401-დან 1000 მაცხოვრებლამდეა – 16 000 ლარი;

ხოლო იმ სოფელს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1000-ს აღემატება – 20 000 ლარი.