აქცია-პერფორმანსი ქოლგებით – სოლიდარობის აქცია ქუთაისში

523

ქოლგების აქცია ქუთაისში – სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა თბილისში, ცესკო-სთან აქციის დარბევა გააპროტესტეს.

აქტივისტები ამბობენ, რომ დაუშვებელია, მოქალაქეების წინააღმდეგ არალეგიტიმური ძალის გამოყენება. მათივე თქმით, ქოლგა არის იარაღი სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული ღირებულებების.

“სახელმწიფოს არ აქვს არანაირი უფლება გამოიყენოს დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა, რასაც ხშირი სახე აქვს ბოლო პერიოდში. მსგავსი რამ მოხდა გუშინ, რამაც გამოიწვია პროტესტი. მოვაწყვეთ პერფორმანსი, რომლის სიმბოლოც არის ქოლგა. ხელისუფლებამ  აქციის მონაწილეების წინააღმდეგ  გამოიყენა წყლის ჭავლი და ამ ფაქტის საპირისპიროდ გავშალეთ ქოლგები, რადგან  წყლისგან გვიცავს ქოლგა და ეს ქოლგა არის სამართლიანი არჩევნები, პროტესტი და სხვა ფუნდამენტური ღირებულებები”- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.

ახლა პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 22:00 საათის შემდეგ კი “სირცხვილიას” დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება.

სწორედ დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.

ცესკოს შენობასთან დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კი პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს.