სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების ბრიგადებში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა, პროფკავშირთან ერთად, აქცია გამართეს.
პროფკავშირების გაერთიანების იურისტის, თამილა გაბაიძის განცხადებით, დამსაქმებელი უარს აცხადებს დასაქმებულთათვის ხელფასის გაზრდაზე და სხვა მოთხოვნების შესრულებაზე, ამიტომ ექიმები და მძღოლები გაფიცვის მოსამზადებელ პერიოდზე გადადიან.
მისი განმარტებით, ისინი სასამართლოს მიმართავენ, რომ კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სასწრაფო დახმარების ბრიგადების მინიმალური ზღვარი დაუწესოს, რადგან გაფიცვის გამო, მათი მუშაობის პარალიზება არ მოხდეს და მოსახლეობა არ დაზარალდეს.
„დაახლოებით, 6 თვეა მოლპარაკებების პროცესში ვართ, პერიოდულად საპროტესტო აქციებსაც ვმართავდით, თუმცა ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო დამსაქმებლის კატეგორიული პოზიციის გამო. ის უარს აცხადებს დასაქმებულებისთვის ხელფასის მომატებაზე და სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეც. აქედან გამომდინარე, იძულებულები ვართ, რომ გაფიცვის მოსამზადებელ პროცედურაზე გადავიდეთ და ეს ითვალისწინებს იმას, რომ დასაქმებულები და დამსაქმებელი უნდა შეთანხმდეს სასწრაფოში მინიმალური მომსახურების მოცულობაზე, რათა მოსახლეობა არ დარჩეს გადაუდებელი სასწრაფო დახმარების გარეშე და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს ამ ხალხისთვის კონსტიტუციური უფლება. მთავარი მოთხოვნებია ხელფასების 100%-ით გაზრდა, წელიწადში დამატებითი ანაზღაურებადი 10 დღით შვებულებით სარგებლობა, ამ საკითხებზე წერილობითი შეთანხმება და მუშაობის დაწყება ისეთ სოციალურ გარანტიებზე, როგორიცაა ნამსახურების მიხედვით ხელფასის მომატება, პენსია და დაზღვევის პაკეტის გაუმჯობესება.
არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც ავალდებულებს ასეთ სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს, რომ სანამ გაფიცვას დაიწყებენ, მანამდე შეათანხმონ მინიმალური მომსახურების და ხალხის მოცულობა, ვინც ამ მომსახურებას გასწევს. გუშინ შევხვდით ცენტრის წარმომადგენელს და გვითხრა, რომ ამაზე ნაკლებით მუშაობა არ შემიძლიაო, მაგრამ თუ კანონი გავალდებულებს, ვალდებული ხარ შეასრულო. სასამართლო არის ამ შემთხვევაში ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია დაავალდებულოს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს და კონსტრუქციულ-შემათანხმებელი წინადადებები წარმოადგინოს”, – განაცხადა თამილა გაბაიძემ.