ხელვაჩაურის სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრებლები ადგილობრივ თვითმმართველობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დასახლებაში ერთადერთი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, სოფელში გზის სავალი ნაწილი დაზიანებულია და ავტომობილით გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ და ისინი მოსახლეობასთან ერთად ხელვაჩაურის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. საბოლოოდ მათ ხელვაჩაურის მერის მოადგილე შეხვდა და განუცხადა, რომ მოსახლეობას უახლოეს ერთი თვის განმავლობაში პრობლემა მოუგვარდებათ.
კახაბერ ფუტკარაძე აცხადებს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “ნიასთან“ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და რომ კომპანია სამუშაოებს ხუთ მისამართზე განახორციელებს. როგორც ფუტკარაძე, აცხადებს, ამ ეტაპზე სამუშაოები მახინჯაურში დუმბაძეები-ხონელიძის მიმართულებით მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ ქვედა აგარაში ჩხაიძეების დასახლებაში გაგრძელდება.