ქობულეთის სოფელ ბობოყვათის მოსახლეობამ სანაპიროზე არსებული მიწის ნაკვეთების დაბრუნების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა გამართა

446

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის მოსახლეობამ სანაპიროზე არსებული მიწის ნაკვეთების დაბრუნების მოთხოვნით, ბობოყვათიდან „ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართა.

აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, მინისტრების ფოტოები დაწვეს. მათი თქმით, სოფელ ბობოყვათში სანაპიროსთან მიწის ნაკვეთი წინაპრებმა დაუტოვეს, თუმცა სახელმწიფომ 2004 წელს ჩამოართვა და მას შემდეგ ისინი მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფომ აღნიშნული ტერიტორია ბიზნესმენზე გაასხვისა, რაც მათთვის მიუღებელია.

„ყველა ხელისუფლება, ვინ ხალხის წინააღმდეგ წავა, ასე დაიფერფლება. ჯერ კიდევ 2012 წელს, როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, მოსახლეობას დაგვპირდნენ, რომ სამართლიანობას აღადგენდნენ, გაუფორმებდნენ მიწებს იმ ადამიანებს, ვისაც სახელმწიფომ წაართვა, მაგრამ ხედავთ რაც გვაქვს შედეგი. მმართველი პარტიის ოფისიდან გადავედით ქობულეთის მერიის შენობასთან, სადაც გვითხრეს, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და წინაპრების მიერ დატოვებულ ქონებას არ დავთმობთ”,- განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.