მარნეულის მერიამ ქალაქის მოსართავად ტენდერი გამოაცხადა

476

მარნეულის მუნიციპალიტეტი 2023 წლის შემობრძანებისთვის ემზადება. ქალაქ მარნეულში ქუჩების მორთვის / საახალწლო მორთულობების-ილუმინაციების შეძენა – მოწყობის / არსებულის აღდგენის სამუშაოები (მონტაჟი-დემონტაჟი) თანმდევი დიზაინერის მომსახურებით შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 199 900 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

“ქალაქ მარნეულის ქუჩებში ყოველ წელს მონტაჟდება საახალწლო ილუმინაციები. ახალი 2023 წლის დადგომასთან დაკავშირებით საახალწლო განათებები კვლავ დამონტაჟდება ქვემორე მოცემულ სხვადასხვა ლოკაციებზე და აინთება ცენტრალური ნაძვის ხე, მათ შორის -საჭიროებისამებრ დამატებით ლოკაციებზეც შემსყიდველთან შეთანხმებით, რისთვისა აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება ნაწილობრივ წინა წლებში შეძენილი განათებების აღდგენა-დამონტაჟება და ნაწილობრივ ახლის შესყიდვა-დამონტაჟება, რაზეც საახალწლოდ ქალაქგანათების მოსაწყობად საჭიროება მოითხოვს შესყიდული იქნას – ქალაქ მარნეულში ქუჩების მორთვის / საახალწლო მორთულობების-ილუმინაციების შეძენა – მოწყობის / არსებულის აღდგენის სამუშაოები (მონტაჟი-დემონტაჟი) თანმდევი დიზაინერის (დიზაინერის მომსახურების ფასი არ უნდა აღემატებოდეს საერთო სახარჯთაღრიცხვო / სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ს) მომსახურებით (შემსყიდველთან შეთანხმებით)” – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ადგილები, სადაც საახალწლო განათებები დამონტაჟდება:

  • 26 მაისის ქუჩა – სკვერი „კიდევაც დაიზრდებიან“
  • 26 მაისის ქუჩის განათება დაიწყოს შემოსასველელიდან, მოეწყოს თაღი
  • 26 მაისის ქუჩა მოედნამდე განათდეს, ბოძები დაიტვირთოს ილუმინაციებით
  • 26 მაისის ქუჩის მოედანი-შადრევანი განათდეს ილუმინაციებით
  • 26 მაისის ქუჩა მოედნის შემდეგ განათდეს ყიზილაჯლოს ხიდამდე
  • სამედ ვურღუნის ქუჩა სრულად, მოედანი წერეთელის გადასახვევთან
  • მერიის შენობა, კულტურის სახლი
  • რუსთაველის ხიდამდე
  • ხიდიდან ბაზრამდე
  • ბაზრიდან არხამდე
  • არხიდან ათაჰოლდინგამდე
  • ათაჰოლდინგიდან ნარიმანოვის წრემდე
  • ნარიმანოვის ქუჩა
  • საჭიროებისამებრ დამატებით 3 (სამი) ლოკაცია შემსყიდველთან შეთანხმებით.

აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 2-5 დეკემბრის პერიოდში შეეძლებათ.

აღანიშნავია, რომ გასულ წელს, მარნეულის მოსართავად 195 000 ლარი გამოიყო.