საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. ამის მიზეზი გახდა მარნეულში ერთ-ერთი ქალის ახალი კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირება, რომლის დაინფიცირების წყაროც ამ დრომდე ვერ დგინდება. განცხადება ამ ორი მუნიციპალიტეტის კარანტინზე გადასვლის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში იკრძალება შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
“ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ საშუალება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებისა”, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველჰყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმზეა, ასევე, გადასული მარნეულის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალსი”, რომელშიც დაავადებული ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში იყო მოთავსებული. კლინიკის ტერიტორიაზე უახლოეს 24 საათში განთავსდება საველე ჰოსპიტალი, ხოლო ამავე მუნიციპალიტეტის მეორე კლინიკა, როგორც მულტიფუნქციური კლინიკა, გააგრძელებს მუშაობას.
რაც შეეხება ადგილობრივ მედიას, ის ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებს, თუმცა, სხვა ყველა მედიასაშუალება ინფორმაციას და მედიარესურსს მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით.
პრემიერ გახარიას თქმით, მარნეულში ინფიცირებული ქალბატონის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს (წლისთავზე), რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ამ დროისთვის ინფექციონისტებმა უკვე დაადგინეს 90-მდე კონტაქტი, თუმცა, როგორც პრემიერმა თქვა, ეს არაფერს ნიშნავს.
მისი განცხადებით, ამ ორ მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტისა და ჯანდაცვის ორგანოები ხვალ დილიდან ერთობლივად დაიწყებენ კარდაკარ სიარულს იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში გამოავლინონ შესაძლო რისკის შემცველი ადამიანები, რათა დროულად მოხდეს შესაძლო ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა და სწრაფი მკურნალობა.
საქსტატის მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 104 ათასზე მეტი, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტში 53 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
შეგახსენებთ, COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.