მარნეულში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. სოფელ შულავრის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა მძიმე სოციალურ ეკონომიკურ პირობებს აპროტესტებს. ისინი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
“რადიო მარნეულის” ინფორმაციით, ადგილზე შეკრებილმა აღმამედლოს, კასუმლოს, ულაშლოს, კირიხლოს, ქვემო ყულარის, იმირის და შულავრის მცხოვრებლებმა მოყვანილი პროდუქტი ქუჩაში გამოიტანეს და პროტესტის ნიშნად, გზაზე დაყარეს.
მოსახლეობა მარნეულში საგანგებო მდგომარეობის პირობებში შექმნილ შეზღუდვებს აპროტესტებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოება უჭირთ და პროდუქტს ვერ ჰყიდიან, რის გამოც შემოსავლის წყარო დაკარგეს.
მათივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ არ ეხმარება პროდუქტების გატანაში და იძულებულები არიან პროტესტი ამ ფორმით გამოხატონ.
აქციის მონაწილეებმა მარნეულში გზაც გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ მივიდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში, შოთა რეხვიაშვილი. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები
აქციის მონაწილეების თქმით, ბოსტნეულის რეალიზაციის მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებას მანამდეც სთხოვეს დახმარება, მაგრამ უშედეგოდ. ამის შესახებ რეგინფო წერს.
„მარნეულის მასშტაბით სასოფლოს სამეურნეო პროდუქციის გატანის პროცესი აქტიურად გრძელდება. ჩვენს დღეს დაახლოებით 5-6 სოფელში ვიყავით, საიდანაც პროდუქციის გატანა მოხდა. მადლონა მინდა ვუთხრა კომპანია „ჯიბეს“, რომელსაც გააქვს პროდუქცია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აქ მოყვანილი ბოსტნეული მუნიციპალიტეტის გარეთ გავიდეს“, – აღნიშნა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა დღეს მთავრობას მოუწოდა მარნეულისა და ბოლნისის რაიონებიდან სოფლის მეურნეობის ტვირთის გამოტანის, ჩაბარების და რეალიზების პროცესი მთავრობის მკაცრ მონიტორინგს დაექვემდებაროს და ადგილობრივი თემის კონსულტაციების გზით ეს პროცესი უფრო სამართლიანი და ადეკვატური გახდეს.
მარნეულის სოფელ შულავერში, რამდენიმე სოფლიდან, ფერმერები არიან შეკრებილიფერმერები სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას ითხოვენ
Posted by Radio Marneuli 96.9 FM/ რადიო მარნეული 96.9 FM on ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2020
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკსაგუშაგო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.