ნინოწმინდის საკრებულომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პეტიცია არ დაურეგისტრირა

411

წინა სტატია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სოფელ სამებაში, მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნისთვის შეტანილი პეტიცია ნინოწმინდის საკრებულომ არ დაურეგისტრირა. TI–მ საკრებულოს 17 ნოემბერს მიმართა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“მოგვწერეს რომ პეტიციას არ არეგისტრირებდნენ, რადგან საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას. რაც შეეხება აქ მცხოვრები ადგილობრივების სახლების გამაგრების პრობლემას, ამ ნაწილში პასუხი საერთოდ არ გაგვცეს. ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი“,- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენელი, თამუნა უჩიძე.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაან აროანმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ TI–ის პეტიცია „კანონის ჩარჩოებში არ ჩაჯდა“ და ამიტომ არ დააარეგისტრირეს.

„არ დარეგისტრირების მიზეზი წერია პასუხში და იქ წაიკითხეთ.კანონის ჩარჩოებში არ ჩაჯდა და მაგიტომ ვერ დავარეგისტრირე. ორი საკითხი იყო, მაგრამ ერთ მუხლში შეტანილი და ამიტომ ერთზე განვიხილეთ და მეორეზე განხილვა არ მოხდა.ცალ-ცალკე, რომ ყოფილიყო მაშინ ცალ-ცალკე განვიხილავდით. დანარჩენი ორგანიზაციასთან გაარკვიეთ“,- განაცხადა ვაან აროიანმა.

როგორც უჩიძე განმარტავს, ნინოწმინდის საკრებულოს ნებისმიერ შემთხვევაში შეეძელო პეტიციის დარეგისტრირება.

„ადგილობრივი თვითმართველობა, როგორც წარმომადგენლობითი, ასევე აღმასრულებელი ორგანო, ვალდებულია და მისი ფუნქციაა, რომ საკითხები, რასაც  მოქალაქეები ითხოვენ, ადგილობრივ დონეზე განიხილონ და წარმართონ დისკუსიები. თუ სკოლის ამბავი სცდება საკრებულოს და მერიის კომპეტენციას, მათ აქვთ უფლება დააყენონ ეს საკითხი ცენტრალური ხელისუფლების წინაშე. ადგილობრივი თვითმართველობის ერთ-ერთი ფუნქცია, გარდა იმისა რაც კოდექსით აქვთ მინიჭებული, არის მოქალაქეთა საჭიროებების და საკითხების ლობირება სახელმწიფოს სხვა ორგანოების წინაშე და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საკრებულოს ემსჯელა ამ საკითხზე, განეხილა და შემდგომ დაეყენებინათ შესაბამისი ორგანოების წინაშე“,- გამარტავს თამუნა უჩიძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ სოფელ სამებაში მცხოვრებლების პრობლემების მოგვარების მოთხოვნით, ამჯერად განათლების, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს მიმართა.

„განათლების სამინისტროს ვთხოვე შეისწავლოს სოფელ სამებაში სკოლის შენობის მდგრადობა, თუ  შენობა ექვემდებარება რეაბილიტაციას, მაშინ გაამაგრონ. სხვა შემთხვევაში ალტერნატიული ფართის ასაშენებლად ბიუჯეტში თანხა ასახოს. ადგილობრივი მცხოვრებლების სესახებ კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივწერე. ვთხოვე, რომ  ცენტრალურმა უწყებამ მომავალ ბიუჯეტიდან გაწეროს თანხა დაზარალებული მოსახლეობისთვის. საქმის კურსში ჩავაყენე წერილის ასლები გავუგზავნე მხარის ადმინისტრაციას, გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს“,- აცხადებს უჩიძე.

მისივე განმარტებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა TI-ის პეტიციის დარეგისატრირებაზე უარი უთხრეს.