მარნეულში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, სადაც ადგილობრივები კარანტინს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოება უჭირთ და პროდუქტს ვერ ჰყიდიან, რის გამოც შემოსავლის წყარო დაკარგეს.
ამასთან მოსახლეობა მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. აქციაზე იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებიც. აქციაზე გაისმა შეძახილები: “მიშა”, მიშა”.
“ქართულმა ოცნებაში” აცხადებენ, რომ მარნეულში მიმდინარე აქცია ამ ორი პარტიის მიერ არის ორგანიზებული.
აქციაზე ადგილზე იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ახმედ იმამკულიევი, ის აქციის ორგანიზატორობას უარყოფს.
„მე მოვედი, მოვუწოდე, რომ არ შეიძლება ერთად ამდენი ხალხის შეკრება. დღეს დილიდან სახლში ვიყავი, „ფეისბუქის“ მეშვეობით ვნახე, რომ ჩვენი ხალხი გამოვიდა გარეთ. ვერ გეტყვით, როგორ მოხდა რომ აქ მოვიდნენ და ა.შ. მე გამოვედი მარნეულიდან. სანამ აქ მოვედი, დავინახე, რომ აქ უკვე არის შეკრებილი ეს ხალხი და ჩვენი „წარმომადგენლები“ გამოვიდნენ. ამ ხალხს უწოდებენ, რომ ესენი არიან არტისტები და ვითომ პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ“, – განაცხადა ახმედ იმამკულიევმა.
რაც შეეხება საკითხს, რატომ ისმოდა აქციაზე შეძახილები „მიშა, მიშა“, იმამკულიევმა განაცხადა: „შესაძლებელია, მაგრამ ეს მე არ მეხება. ეს ხალხს უნდა კითხოთ, რატომ იძახიან. მე პირველივე წამიდან ვუთხარი, არ გინდათ პოლიტიკური ვიღაცის სახელი. ჩვენ გვაინტერესებს ხალხი, მოსავალი გვაინტერესებს და ხალხის შემოსავალი გვაინტერესებს და დღესდღეობით მოსახლეობა, პოლიტიკა არ ხდება აქ, ჩვენ პოლიტიკას ვაკეთებთ არჩევნების დროს“.
აქციაზე ასევე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აზერ სულეიმანოვი.
„ხალხი ნახეთ, რა დღეშია. აუცილებლად უნდა გაიხსნას ეს გზა. ქვეყანაში ვიცი, რა პრობლემები არის, როგორი სიტუაცია არის, მაგრამ მიწაზე დარჩა ყველაფერი. ეს ხალხი 24 საათი მიწაზე მუშაობს, ბანკზე არის ყველანი და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება არ არის ამ ხალხზე. ეს ხალხი რა შუაშია, მანქანები რა შუაშია“, – განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ არ იცის, ვისი ორგანიზებით გაიმართა აქცია.
„არ ვიცი, ვისი ორგანიზებულია, ამხელა ხალხი თვითონ მოვიდა. არც ოპოზიციის, არც პოზიციის ორგანიზებული არაფერი არ არის. ხალხი თვითონ მოვიდა, რადგან მშიერია, ლუკმა პურის გარეშე დარჩა ეს ხალხი“, – განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.
ადგილზე მივიდნენ მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. რეხვიაშვილმა აქციას პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკსაგუშაგო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.