ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მარნეულში გზის გადაკეტვას დაგეგმილ პოლიტიკურ აქციას უწოდებს.
„ამათ საქმე არ აინტერესებთ, ამათ პრობლემები არ აქვთ. ეს არის მასკარადი, ეს არის კლოუნადა“, – ასე შეაფასა მან აქცია.
ამასთან, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ძალები არ უნდა ქმნიდნენ ადამიანების ასეთ კონცენტრაციას, რათა დაავადება არ გავრცელდეს. მან ასევე კომენტარი გააკეთა აქციის მონაწილეების შეძახილებზე: „მიშა, მიშა“.
„ამ სიტუაციაში, პოლიტიკური ძალა უნდა უფრთხილდებოდეს, რომ ასეთი კონცენტრაცია არ იყოს და დაავდების გავრცელება არ იყოს. ჩვენ შევაკავეთ მარნეულში დაავადება, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც ბედნიერი არიან იმით, რამდენად ცუდად იქნება ქვეყანაში საქმე, რამდენად ბევრი იქნება ინფიცირებული და რამდენად ბევრი გარდაიცვლება. საუბედუროდ, ასეა. ელოდონ, მიშას ერთი 50 წელიწადი, კიდევ ელოდონ“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
რეხვიაშვილმა ასევე ისაუბრა აქციის მონაწილეების პრეტენზიების შესახებ, როლებიც მათი პროდუქციის რეალიზაციას ითხოვენ.
„ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი. ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით მსხვილი სატრანსპორტო საშუალებები შევიდნენ და გადმოიტანონ, რეალიზება მოხდეს მარნეულის პროდუქტის. მათ შორის, ბოლნისშიც შევიდეს. დღევანდელ ფორსმაჟორში რაღაც გაურკვევლობისგან არავინ არ არის დაზღვეული, ხომ ასეა. იდეალური პროცესი შეიძლება არსად არ იყოს, რაღაც ხარვეზმა შეიძლება იჩინოს თავი. მივედით, გავარკვიეთ, შევპირდით მოსახლეობას, რომ დისტრიბუციასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება. ქალაქის მოსახლეობა იცით, რომ გასულია რეგიონებში, ქალაქში იმდენი მოთხოვნა არ არის პროდუქტის, როგორც იყო. ამიტომ მოსაგვარებელია რეგიონების მომარაგება. ვაკეთებთ ყველაფერს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვართ ყოველწუთიერ ურთიერთობაში, დისტრიბუციას აქვს თავისი პრობლემები, რომ უფრო მეტი ინტენსივობით მოვიდეს და გამოიტანოს ეს პროდუქტი“, – განაცხადა გუბერნატორმა.
ცნობისთვის, მანეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკსაგუშაგო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.