თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი კორპუსი თვითიზოლაციიდან მოიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
“თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. ჯამში გამოკვლეული 83 პირიდან, შედეგი ყველა შემთხვევაში უარყოფითია.
დევნილთა საცხოვრებელ შენობაში სტუმრად მყოფ ერთ-ერთ პირს, COVID-19 ორი კვირის წინ დაუდასტურდა. ამ ხნის განმავლობაში, კორპუსის მაცხოვრებლები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ყველა მათგანს ტესტი ჩაუტარდა. ამ დროისთვის, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახები თვითიზოლაციიდან უკვე მოიხსნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 5.