თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე მშენებლობის ნებართვა, წარმოუდგენლად მაღალი, 10.0 კოეფიციენტით, იმ დროინდელმა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ გასცა.
რევაზ სოხაძის თქმით, გამოითქვა ეჭვი, რომ ამ მშენებლობასთან დაკავშირებით, შესაძლოა კორუფციული გარიგება არსებობდეს და მან აღნიშნული განცხადების ავტორებს მოუწოდა, შესაძლო კორუფციული გარიგებები წინა ხელისუფლებასთან გაარკვიონ.
„ნამდვილად საეჭვოა, თუ რა ნიშნით გასცა გიგი უგულავამ 2011 წელს ატენის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა 10.0 კოეფიციენტით. იმავე წელს, ამ ტერიტორიაზე მშენებლობაც კი დაიწყო. ნამდვილად საინტერესოა, თუ რის საფუძველზე გაზარდა მაშინდელმა მერმა გიგი უგულავამ კოეფიციენტი,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისივე განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის დიდი ძალისხმევის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამტკიცებული მშენებლობის კოეფიციენტი ორჯერ შემცირდა და გაიცა სამშენებლო ნებართვა მხოლოდ ამის შემდეგ.
„მშენებლობის კოეფიციენტი განახევრდა, რაც ურბანული თვალსაზრისით დიდი მიღწევაა. მშენებლობის ნებართვა მხოლოდ კოეფიციენტის განახევრების შემდეგ, კანონმდებლობის სრული დაცვით და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე გაიცა. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ მშენებლობას მისასვლელი ატენის ქუჩიდან აქვს. რაც შეეხება სხვა სამუშაოებს, თუ იქ რაიმე სამუშაოები უკანონოდ არის ნაწარმოები, ვგულისხმობ ხეების ჭრას და სხვა, ამას მერიის შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან და რეაგირებაც შესაბამისი იქნება,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ თბილისის მერიამ მზიურის პარკში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გასცა, რაც მისივე თქმით, კორუფციული სქემის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითია. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ პროექტი სამშენებლო ნორმატივების და უსაფრთხოების წესების დარღვევით შეითანხმა, რაც აჩენს ეჭვს, რომ მშენებლობის უკან „სახელისუფლებო კლანის წევრების“ კორუფციული ინტერესები დგას.