საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე “ნეტგაზეთის” კითხვაზე თუ რა რეჟიმი მოქმედებს გლდანში მდებარე დევნილთა დასახელბაში, სადაც ერთ-ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს COVID-19 დაუდგინდა, ამბობს, რომ ამ შენობაში მცხოვრები პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
რაც შეეხება ზომებს, რომეიც ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში იყო მიღებული და რომელთა შესახებაც ამირან გამრყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს რეკომენდაცია არ გაუცია, მინისტრის თქმით, საჭირო ღონისძიებების ჩატარების გასამარტივებლად იქნბა შემოღებული:
“იმისათვის, რომ შეგვექმნა კომფორტული გარემო ჩვენი ექიმებისთვის და მათ ჩაეტარებინათ ყველა ის მოსაძიებელი საჭირო ღონისძიება და ამ დასახლებაში არ შექმნილიყო გლობალური პრობლემა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ. ჩვენ კიდევ ვმსჯელობთ დარჩებიან ისინი თვითიზოლაციაში, თუ გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო ზონებში, რაც შემდეგი დღეების მანძილზე გახდება ცნობილი” – ამბობს ტიკარაძე “ნეტგაზეთის” საპასუხოდ.
“გლდანში მდებარე საცხოვრებელი შენობა, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ, კარანტინშია. ამის მიზეზი ერთ-ერთი ოჯახის რამდენიმე წევრისთვის COVID-19-ის დიაგნოზის დასმა გახდა”, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “მთავარმა” არხმა გაავრცელა.
როგორც ტელეკომპანია აცხადებს, საცხოვრებელ შენობაში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის რამდენიმე წევრისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურების შემდეგ გადაადგილება შეეზღუდათ სხვა ოჯახებს, რომლებიც იმავე შენობაში ცხოვრობენ, ტერიტორიას კი საპატრულო პოლიცია აკრონტროლებს.
ტელეკომპანიასთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ საკარანტინო რეჟიმში არიან და განსაკუთრებული საჭიროების გარეშე გადაადგილება აქვთ შეზღუდული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსში გaტარებული ღონისძიებები, რომლის შედეგადაც, მთავარი არიხის ინფორმაციით, ამ კორპუსის ჩაკეტვა მოხდა, არ ყოფილა დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის შედეგი.
“როგორც მე ვიცი, რაღაც გაუგებრობა ყოფილა ერთ-ერთ დასახლებულ კორპუსში… ის, რაც ხდება იმ ადგილზე, ეს არ არის დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია და ამ ადამიანებთან მიმართებაში ზოგადად ვთხოვ ყველას, რომ ვიყოთ ფრთხილად განცხადებების გაკეთებასთან დაკავშირებით… ის შემთხვევა, რომელზეც მეკითხებით, არ გავშლი მე სპეციალურად, იქ არაფერი საგანგაშო არ ხდება. დიახ, გვაქვს ინფიცირების ფაქტი, მაგრამ არავითარი საშიშროება ე.წ. კლასტერში არ გახლავთ”, – განმარტა გამყრელიძემ ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 38 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.