ჩიკვილაძე: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებით პროგრამები არ მცირდება

382

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უარყო ინფორმაცია თითქოს წარმოდგენილ ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით კლებაა დაფიქსირებული.

“მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო და თითოეულ ჩემს სიტყვაზე პასუხს ვაგებ, რომ კლება ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არ არის. განვმარტავ, რომ უფასო და შეღავათიანი ტარიფები რომელიც გარკვეულ ჯგუფებს დედაქალაქში მოძრავ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებზე აქვთ და სოციალურ მუხლში იყო, ახლა, სპეციალურ სატრანსპორტო მუხლში გადავიდა, რომელსაც სუბსიდირების მუხლი ჰქვია”,- განმარტა ზურაბ ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ ამ მუხლის სუბსიდირების მთლიანი ნაწილი 2023 წლის ბიუჯეტში 276 მილიონ ლარს შეადგენს.

საკრებულოს წევრმა სიტყვით გამოსვლისას, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთი პროგრამა და ქვეპროგრამა რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს არ მცირდება და 2023 წლის მზარდი ბიუჯეტით უწყვეტად გრძელდება.

მისი ინფორმაციით, ყველამ კარგად იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტრანსპლანტაციის თემა და ამ პროგრამის დაფინანსებაც უმნიშვნელოვანესია.

“ვერც ერთი ოჯახი საქართველოს სინამდვილეში ვერ სწევდა ამ საოპერაციო თანხებს. დღეს კი მაგალითად ძვლის ტვინის ოპერაცია დაახლოებით 250 ათას ლარამდე ფინანსდება. უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებული პროგრამის მოქმედებაც. მომდევნო წლის ბიუჯეტით გაიზარდა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის დაფინანსება 2015 წლის შემდეგ 15 ჯერ არის გაზრდილი. წელსაც ზრდა 1 514 600 ლარით ხდება და შეადგენს 7 383 000 ლარს. ეს კი ნიშნავს, რომ 2023 წლის იანვრიდან კიდევ 354 ბავშვს დაუფინანსდება თერაპიული კურსი და სულ ამ პროგრამით 1729 ბავშვი ისარგებლებს. მომავალი წლის ბიუჯეტით, ასევე ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება -1 600 000 ათასი ლარით იზრდება”,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ საკრებულოს სხდომაზე.

დასასრულს საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ გარდა პროგრამებისა, ასევე, მოქმედებს ერთჯერადი ფინანსური დახმარებები, რასაც მიზნობრივი დახმარებები ეწოდება, მედიკამენტების, გამოკვლევების დაფინანსება.